შეხვედრა იტალიური მოდის ეროვნული პალატის პრეზიდენტთან კარლო კაპასასთან
ქ. მილანში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნატალია კორძაიამ გაცნობითი შეხვედრა გამართა იტალიური მოდის ეროვნული პალატის პრეზიდენტთან კარლო კაპასასთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და იტალიას შორის მოდის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი და ორმხრივი პროექტების შექმნის შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს, საერთაშორისო მასშტაბით, ქართული მოდის პოპულარიზაციას და ინდუსტრიის განვითარებას.
მოდის ეროვნული პალატის პრეზიდენტმა საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა და პალატის საქმიანობის უკეთ გაცნობის მიზნით, თებერვლის მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, საერთაშორისო მოდის პოპულარიზაციისთვის განკუთვნილი სივრცეების და დაგეგმილი აქტივობების გაცნობა შესთავაზა.
იტალიური მოდის ეროვნული პალატა არის მოდის სფეროში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც კოორდინაციას უწევს და ხელს უწყობს იტალიური მოდის განვითარებას. პალატა დაარსდა 1958 წელს და ახორციელებს ორგანიზაციული მხარდაჭერის პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს, მაღალი ინტელექტუალური იმიჯის მქონე ღონისძიებების საშუალებით მოდის განვითარებას და მოდის შესახებ ცნობიერების ამაღლებას როგორც იტალიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.