Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა ქალაქ ბოლცანოს ახლად არჩეულ მერთან, კლაუდიო კორარატისთან

2025 წლის 7 ნოემბერს, ქალაქ მილანში, საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნატალია კორძაიამ და ვიცე-კონსულმა მაია მღებრიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართეს ქალაქ ბოლცანოს ახლად არჩეულ მერთან, კლაუდიო კორარატისთან.
შეხვედრაზე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს, დადებითად შეაფასეს უკვე არსებული თანამშრომლობა და განათლების, კულტურისა და მეცნიერების სფეროებში პარტნიორობის გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურეს.
გენერალურმა კონსულმა ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტებსა და აკადემიურ სფეროში ურთიერთობების განვითარების, საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის, ასევე კულტურული და ახალგაზრდული გაცვლითი პროექტების გაფართოების შესაძლებლობებზე.
თავის მხრივ, მერმა გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს იტალურ და ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაფართოებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბოლცანოს ტექნოლოგიური ცენტრის პოტენციალს. მხარეებმა ინოვაციური ინიციატივების ერთობლივად განხორციელების მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბოლცანოს სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში ქართველების მიერ შეტანილ წვლილს. მერმა მზადყოფნა გამოთქვა, გამოუყოს ქართველებს შესაბამისი ფართი საკვირაო სკოლის ფუნქციონირებისთვის, რათა ბავშვებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეინარჩუნონ კავშირი ქართულ ენასა და კულტურასთან.