ღვინის ფესტივალი I vini del cuore ქ. გენუაში
2025 წლის 2 და 3 თებერვალს იტალიის ისტორიულ ქალაქ გენუაში ჩატარდა ღვინის ფესტივალი I vini del cuore , რომელზეც წარმოდგენილი იყო უმაღლესი ხარისხის ღვინო იტლიის ყველა რეგიონიდან. წელს აღნიშნულ ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით პირველად იყო მიწვეული საქართველო, რომლის სტენდზეც განთავსდა საქართველოში მცირე მარნების მიერ წარმოებული ქვევრის ღვინის შესანიშნავი ნიმუშები.
ფესტივალის გახსნის ცერემონიას დაესწრო ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური კონსული ნატალია კორძაია, რომელმაც ფესტივალის პრეზიდენტ სოფია სკიაფინოსთან ერთად ოფიციალურად გახსნა ღონისძიება და სიტყვით მიმართა მონაწილეებს. თავის გამოსვლაში გენერალურმა კონსულმა მადლობა გადაუხადა ფესტივალის პრეზიდენტს ღონისძიებაზე მიპატიჟებისა და ქართული ღვინის სათანადო დაფასებისთვის, მიულოცა პრეზიდენტსა და მონაწილეებს ღონისძიების გახსნა და ისაუბრა ქართული მეღვინეობის ისტორიაზე, საქართველოს სახელმწიფოს მიერ მეღვინეობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და 2018 წელს "გადაჭრილ გორაზე" ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების ისტორიულ აღმოჩენაზე.
ფესტივალზე ქართული ღვინო წარადგინა ქართული ღვინის ელჩმა, პროფესიონალმა სომელიემ, თამარ ჭიჭიბოშვილმა, რომელსაც ქართული ღვინის ელჩის სტატუსი 2024 წელს მერანოს ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე მიენიჭა.
ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იყო 12 სხადასხვა მარანის ქვევრის ღვინო, რომლებმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიების მსვლელობისას თამარ ჭიჭიბოშვილმა გამართა ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია, რომელსაც დაესწრნენ იტალიელი სომელიეები, ღვინის კრიტიკოსები და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ჟურნალისტები. მასტერკლასზე წარმოდგენილმა 3 სახეობის ქვევრის ღვინომ და ზოგადად ქართული მეღვინეობის ისტორიამ, თავისი უძველესი ტრადიციებითა და თანამედროვე ინტერპრეტაციით, განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. სამივე სახეობის ღვინის უნიკალურმა გემომ, დახვეწილობამ და ხარისხმა აღფრთოვანება გამოიწვია, რის შედეგადაც ქართულმა მეღვინეობამ დამსახურებული აღიარება მოიპოვა როგორც ფესტივალზე, ისე ფართო საერთაშორისო საზოგადოებაში.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ღონისძიებამ საფუძველი ჩაუყარა ახალ, მრავალპარტნიორულ პროექტებს, რაც გააძლიერებს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ხელს შეუწყობს ქართულ მეღვინეობას ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ღვინის გლობალურ ინდუსტრიაში.