ხელშეკრულების გაფორმება იტალიური საკონსულტაციო კომპანიის CESI-თან

მიმდინარე წლის 26 თებერვალს, ქ. მილანში საქართველოს გენერალური კონსული ნატალია კორძაია დაესწრო შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის განხორციელების მომდევნო ეტაპთან დაკავშირებული ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიებას.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა-ს გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილი-მ და იტალიური საკონსულტაციო კომპანიის CESI-ს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლა მელკიოტი-მ. დოკუმენტი ითვალისწინებს შავი ზღვის ფსკერის კვლევის დიზაინისა და ზედამხედველობის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვას.
შავი ზღვის წყალქვეშა პროექტის ფარგლებში, საკონსულტაციო კომპანია CESI-მ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უკვე ჩაატარა, რომელმაც დაადასტურა, რომ პროექტი ტექნიკურად და ეკონომიკურად განხორციელებადია. შავი ზღვის ფსკერის კვლევის შედეგად, შესაძლებელი გახდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების საუკეთესო გზის დადგენა.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები.